
ნარკოტიკული საშუალებები, საყურადღებო ქმედებები და მშობლის როლი – საინფორმაციო შეხვედრა სკოლაში
მეცნიერებათა სკოლაში“ მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ექიმი ლაშა ნინოშვილი უძღვებოდა. შეხვედრის მთავარ თემას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების სავალალო შედეგები, არსებული სტატისტიკა და ამ პროცესში მშობლის როლი წარმოადგენდა.
შეხვედრის მიზანი მოზარდებსა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებში ცნობიერების ამაღლება და ნარკომანიის პრევენციის ხელშეწყობა იყო.
ექიმმა დეტალურად ისაუბრა იმ ფიზიკურ და ფსიქიკურ ზიანზე, რასაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება იწვევს მოზარდის ორგანიზმსა და ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობაზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მიმდინარე სტატისტიკა, რომელიც ასახავს ნარკომანიის გავრცელების მასშტაბებსა და ტენდენციებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრევენციის პროცესში ოჯახის ჩართულობას, მშობლებსა და შვილებს შორის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და იმ ნიშნების დროულ შემჩნევას, რაც შესაძლოა ნივთიერებებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებდეს.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ მოწვეული სპეციალისტისთვის და მიეღოთ კვალიფიციური პასუხები.


