
გაიცანით 5 წლის კატო მზაობის ჯგუფიდან, რომელიც გადაცემა “ტელესკოპში” მონაწილეობდა
NeoTv.ge – ს გადაცემა “ტელესკოპი“ ამჯერად 5 წლის კატო კოპაძის ინტერესებს დაეთმო. ის “მეცნიერებათა სკოლის“ მზაობის ჯგუფის აღსაზრდელია და უკვე საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს, გეოგრაფიისა და კოსმოსის შესახებ.
გადაცემაში სტუმრობამდე კატომ აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე სასიამოვნო უშუალო ურთიერთობებია. მაშინ, როცა თანამედროვე სამყარო ელექტრონულ მოწყობილობებზეა დამოკიდებული, კატოს გაჯეტების გარეშე თამაში და მშობლებთან ერთად გატარებული სიმყუდროვე ურჩევნია. ის დიდი სიამოვნებით ეხმარება დედას სახლის საქმეებში და ყოველი დღის ბოლოს ოჯახის წევრებს დღის განმავლობაში დაგროვილ შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მისი საყვარელი წიგნია ალადინი და ყინულის დედოფალი, ხოლო ზღაპრებიდან გამორჩეულად “კეთილი ბებერი ბუები” უყვარს. კატო ქართული ფოლკლორის მოყვარულია. მისი ფავორიტი სიმღერებია “რაჭული”, “კოხტა გოგო“ და “აჭარული განდაგანა“.
კინოხელოვნება დიდად არ იზიდავს, თუმცა “წუნა და წრუწუნას“ სიამოვნებით უყურებს. მისი საყვარელი ფერები კი ცისფერი და ყვითელია. რაც შეეხება საყვარელ კერძებს, კატო ჯანსაღ არჩევანს აკეთებს უყვარს, მაწვნის სუპი და ბოსტნეულის ჩხირები.
გადაცემაში “ტელესკოპი” კატო თავისუფლად საუბრობს კონტინენტებზე, ოკეანეებზე, ანდაზებსა და წიგნების ავტორებზე. უყვარს მათემატიკური მაგალითების ამოხსნა და მოთხრობების შინაარსის სიღრმისეული განხილვა. გატაცებულია ხატვითა და კითხვით.


