
რა როლს ასრულებს ინტეგრირებული გაკვეთილები ბავშვის მრავალმხრივ აზროვნებაში?
ყველამ იცის, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, ამისთვის აუცილებელია კომპეტენციების ფორმირება. ამის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციაა. საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა. სკოლაში კომპლექსური პრობლემების შესწავლისას საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტურ გზას ჩვენს დროში ინტეგრირებული გაკვეთილი წარმოადგენს.
ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას. ინტეგრირებული გაკვეთილი საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე.
დალი ტურაშვილი (მასწავლებელი)


